032 2 444 444

შენი ხელით

06 ივლ. 2018

თუ სახლის მოწყობისას, რამის გაკეთებას თავად გადაწყვეტ, აჯობებს, სამუშაოების დაწყებამდე ინსტრუქცია კარგად წაიკითხო. შეუძლებელი არაფერია და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგივა!

რა შეგიძლია შენი ხელით? ძველი კედლების და ჭერის გადაღებვა, შპალერის ან კაფელის გაკვრა ან არსებულ კაფელზე ახლის გადაკვრა, ძველი ავეჯის ან კარების გასუფთავება და გადაღებვა, სარკის დამაგრება, ვისაც საკერავი მანქანა აქვს, ფარდების შეკერვა და სხვა.

დავიწყოთ შეღებვით. პირველ რიგში, შეაგროვე ხელსაწყოები - გრუნტი, სამღებრო სკოჩი, ცელოფანი, სათვალე, ხელთათმანი, ზუმფარა (შკურკა), ლილვაკი (ვალიკი) - დიდი, უმჯობესია ტელესკოპური ჯოხით და პატარა - 5 სმ-იანი კუთხეებისთვის, რომელსაც ბეწვივით ზედაპირი აქვს, ლილვაკის ამოსაწები ჯამი და სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფუნჯები.

 


ნაბიჯი მეორე - შეფუთე ან გაიტანე ავეჯი, ჩამოხსენით ფარდები. სამღებრო სკოჩით და ცელოფანით შეფუთე ჩამრთველები, განათებები და დარწმუნდი, რომ ძაღეების ან წერტილოვანი განათების ჭერზე მიმაგრების ადგილებიც საგულდაგულოდაა შეფუთული. საღებავის აცლა უფრო რთული საქმეა, ვიდრე შეფუთვა. შემგეგ, იგივე სამღებრო სკოჩით და ცელოფნით შეფუთე ფანჯრები. მოკლედ, ყველაფერი, რაც არ იღებება. განსაკუთრებით კარგად შეფუთე იატაკი და პლინტუსები.  აჯობებს, მუყაოს ყუთები დააფინო.

მესამე სტადია - კედლიდან ამძვრალი ქაღალდის დაწებება, რაშიც ე.წ. პევეა-ს წებო დაგეხმარება. ხომ არ შეუშლის წებო საღებავის აბსორბაციას? არა, მაგრამ მის გამოყენებას დიდ ტერიტორიაზე ამძვრალი ქაღალდის მიწებებისას გირჩევ. კედლის ფაქტურა უფრო შენარჩუნდება, თუ კატასტროფიული მდგომარეობა არ არის.

თუ კედლებს  უმნიშვნელო ბზარები აქვს, ისინი პევეაში გარეული შპაკლით ამოავსე. მოზილე კარგი არაჟნის კონსისტენციის სითხე და წაუსვი დანით ან შპატელით. დააცადე გაშრობა, ოდნავ გაუსვი ზუმფარა. შეხედე გვერდიდან და მიანათე ფანარი, რომ ხარვეზები არ გამოგრჩეს.

ყველაზე ადვილი და უსაფრთხოა, ფერი მაღაზიაშიდააყენებინო, სადაც მას აპარატით შეურევენ. რატომ უსაფრთხო? იმიტომ რომ, იმ შემთხვევაში, თუ საღებავი  „არ გეყო", თვალის ზომით ვერასდროს ვერ დასვამ იგივე ფერს, მაღაზიის საღებავს კი კოდი ექნება.

საღებავის მთლიანი მოცულობა ერთად გააზავე, რომ ზოგი სქელი არ აღმოჩნდეს, ზოგი კი თხელი დასხვადასხვანაირად არ წაისვას კედელზე. არ შეაზავო თვალის ზომით, გამოიყენე ინსტრუქცია, რაც საღებავის შეფუთვაზე აწერია. რაოდენობებს ძირითადად პროცენტებში წერენ, რაც შეგიძლია, გამოთვალო კალკულატორით. დაახლოებითი რაოდენობით წყლის დამატება ნიშნავს, რომ პროცესის სიზუსტე ირღვევა. შენ ვერ მიხვდები, როგორია საღებავი, სქელია თუ თხელი. ძალიან სქელი საღებავი კარგად დაფარავს პირველივე წასმაზე. მაგრამ მალეც გათავდება.

თუ ოთახის ჭერი და კედლებიც უნდა შეიღებოს, ჭერით დაიწყე. არაფერი დაშავდება, თუ თეთრი საღებავი კედლებზე გადავა, კედლის შეღებვისას გაასწორებ. ჭერის დასრულების შემდეგ შეძლებ, კედლების შეღებვას. პარალელურად ეს შეუძლებელია.

კედლის შეღებვამდე, მთელ ზედაპირზე გადაუსვი გრუნტის სითხე. ის აუცილებელია იმისთვის, რომ საღებავი თანაბრად გადანაწილდეს. შემდეგ, ფუნჯით, ძალიან ფრთხილად, შეღებე ნაპირა ხაზები, შემდეგ პატარა ლილვაკით ან იგივე ფუნჯით - კუთხეები. იმისთვის, რომ გვერდით მყოფი, სხვა ფერის ზედაპირი არ დაისვაროს, (თუ ხვდები, რომ სწორი ხაზის გავლება ამ სიტუაციაში გიჭირთ), შეგიძლია გააკრა სამღებრო სკოჩი. როცა კუთხეები დამუშავდება, დაიწყე დიდი ლილვაკით შეღებვა. ამოაწეთ საღებავში ლილვაკი და 2-3-ჯერ გააცურე წინ და უკან საღებავის საწურ ჯამში. ისე, რომ ძალიან გაწურულიც არ იყოს და საღებავი არ წვეთავდეს. შეღებე ნელი, თანაბარი მოძრაობებით, ზევით-ქვევით მიმართულებით, რომ გაშრობისას, სხვადასხვა მიმართულებით ღებვის ლაქები არ დააჩნდეს ან ქაღალდი არ გააცალოს.

დააცადე იმდენი ხანი, რამდენიც ინსტრუქციაშია მითითებული. ზოგჯერ, გამყიდველები  უფრო მალ-მალე შეღებვას გირჩევენ, მაგრამ ზოგჯერ არ ამართლებს. დააცადე პირველ პირს შეშრობა, დარწმუნდი, რომ მშრალია და შემდეგ იგივე ტექნოლოგიით შეღებე მეორე პირიც. გათვალისწინე, პირველი პირი რეალურ და საბოლოო ფერს ვერ ასახავს.

ძველი ავეჯის ან კარების გასუფთავება და გადაღებვა ოდნავ უფრო რთული პროცესია.  მთავარი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ კარი უნდა მოიხსნას „პეტლებიდან". ზუმფარით გააცალე დაძველებული და აქერცლილი საღებავი, კიდევ ერთხელ, მთლიანად გაუსვი სუფთა ზუმფარა, გაწმინდე ნესტიანი ტილოთი და კარი მზადაა შესაღებად. ღებვსი პროცესში, შეგიძლია კარი თავის ადგილზე ჩამოკიდო ან მყარად მოათავსო ჰორიზონტალურად. როგორია კარი? მთლიანი თუ ფიგურული? მთლიან კარს ღებავენ 3 ეტაპად. კუთხიდან იწყებ და, პირველ ეტაპზე, ლილვაკით ღებავ მარჯვნიდან მარცხნივ, მარჯვნიდან მარცხნივ. რომ გაშრება, შემდეგი ეტაპია - ზევიდან ქვევით, ზევიდან ქვევით, მთელ სიგრძეზე. გააშრე და ბოლო ეტაპზე, პირველი ეტაპის საპირისპირო მიმართულების მოძრაობებით, ანუ მარცხნიდან მარჯვნივ გადაღებე.

ფიგურული კარის შეღებვას, ანუ რომელსაც ჩაღრმავებები აქვს, იწყებ ფუნჯით.

თავიდან ჩაღრმავებული ნაწილები იღებება, შემდეგ კი გარე. სქემაზე ნაჩვენებია ღებვის სწორი მიმართულებები. ეცადე, ზედმეტად გაჟღენთილი ფუნჯი არ გამოიყენო, საღებავი ჩამოიწუწება. ბოლო ფენა შეგიძლია ლილვაკით დაასრულო.

გადავდივართ ავეჯის გალაკვაზე. ლაკები არსებობს გლუვი და პრიალა, ფერის შეცვლის ეფექტებით და უფერული. გააჩნია, რა გინდა. წყლის ლაკს ავეჯისთვის არ გირჩევ, ადვილად გადადის დასველებისას. პირველ რიგში, ავეჯი ზუმფარით გაასუფთავე. ამ შემთხვევაში, გასუფთავება ძველი ლაკის ზედაპირის მოხსნას ნიშნავს, ანუ უნდა ჩანდეს ხის ზედაპირი. ბოლო ეტაპია, ძალიან წმინდა ზუმფარით გაშალაშინება, გაწმენდა და გაშრობა. წესით, პირველი ფენა გრუნტი უნდა წაუსვა. ამის შემდეგ ხე ამოუშვებს ბუსუსებს, რომლებსაც ზუმფარის მსუბუქი მოძრაობებით მოხსნი და შეგიძლია დაიწყო გალაკვა ფუნჯით, სულ ერთი, ხის ნახატის მიმართულებით. დაძველების ეფექტისთვის იყიდება სპეციალური საშუალება - პატინა, რომელიც დამუშავებულ ხეზე ისმევა ლაკის წასმამდე ან პროცესში.

 


ასე შეგიძლია, „ხელოვნურად დააძველო" ისედაც ძველი კარადა და ის ძალიან მოდური გახდება. რთული არაფერია, უბრალოდ ცოტა შრომატევადი პროცესია, თუმცა ძალიან ეფექტური.
 


შპალერის გაკვრა

ყველაზე რთული გასაკრავია ე.წ. შესათანხმებელი ნახატი. დაჭრამდე გაშალე ორი რულონი და გაზომე, რამხელაა ცდომილება. საერთოდ, ამ ტიპის შპალერს ჯობია, ნახატის მხრიდან ჭრიდე, რომ ხედავდე, როგორ დაამთხვევ ნახატის ნაწილებს ერთმანეთს. შეგიძლია, დანომრო ზოლები. დაჭერი შპალერი კედლის სიმაღლეზე 10 სანტიმეტრით უფრო გრძელ ზოლებად. ჯერ მთლიანი ზოლების სამყოფი, დარჩენილისგან მოიჭრება ფანჯრების და კარების გარშემო გასაკრავი ნაჭრები. მოამზადე წებო ინსტრუქციის მიხედვით და ეცადე, კორკოშელების გარეშე გაიხსნას, რომ შემდგომ შპალერს არ შეყვეს.

წინასწარ განსაზღვრე, ამ ტიპის შპალერს ზემოდან სჭირდება წასმა თუ სველ კედელზე უნდა გააკრა. ძირითადად ყველა სველ კედელზე იკვრება. გაკვრას ყოველთვის ფანჯრის მხრიდან, კუთხიდან იწყებენ და უწყვეტად აგრძელებენ. ასე იმიტომ კეთდება, რომ ყველაზე ბნელი კუთხე აიტანს ნახატის შეუთანხმებლობას. არ გამოტოვო მოკლე ზოლები, რომ არ დაგერღვეს ნახატი ან არ დაგრჩეს ცარიელი ადგილი. ყველა ზოლი ჭერიდან იკვრება, ეცადე ზედა ზოლი იდეალურად სწორი გამოგივიდეს. ჯერ ჭერთან მიაკარი და თანდათან, ძალიან სუფთა ტილოთი, ზევიდან ქვევით მოძრაობებით ასწორე და დააწებე. ეცადე, გვერდით ზოლის პარალელურად მიჰყვე. ქვემოთ დაგრჩება „ზედმეტი" ნაჭერი, რომელსაც ბოლოში საკანცელარიო დანით და სახაზავით აკურატულად ჩამოჭრი. პლინტუსი, ჩამრთველები და კარნიზები მაგრდება გაკვრის შემდეგ.

ჩვეულებრივ კედელზე კაფელის გაკვრა სამონტაჟო წებოთი

ყველა ფორუმზე, ყველაზე ხშირად  დასმადი კითხვა არის, შეიძლება თუ არა კაფელის გაკვრა გაჯიან კედელზე. აქ ორი პასუხი არსებობს - სველ წერტილში არ შეიძლება, ჩვეულებრივ პირობებში - კი. მაგალითად, სამზარეულოში, მთავარია, გაჯი იყოს მყარი და არ იყრებოდეს. ფილას ვაკრავთ სამონტაჟო წებოთი, ე.წ. „ჟიდკი გვოზდით".

წესები ცოტაა - მოიმარაგე ლურსმნები და ნუ გააკრავ მარტო, რადგან დიდი ფილები ძნელი გასაკრავია.

პირველი - მაქსიმალურად გააცალე კედელს შპალერი, დარწმუნდი, რომ არაფერი არ იფშვნება. თუ რომელიმე ნაწილი ჩამოიყარა, ის გასაშპაკლია. სასურველია, პვანარევი შპაკლით ან წებო-ცემენტით შესრულდეს. ჩამოყრილი ნაწილის ნაპირები დანით ჩაჭერი, რომ გასუფთავებულ სწორ კედელთან იმუშაო. გაკვრას ვიწყებთ ზედა რიგით - მივადოთ ფილა, ქვეშ მყარად, ნახევრამდე დავაჭედოთ ლურსმანი, რომელზეც ეს ფილა დაეყრდნობა. შეგიძლია ხის ან რკინის სწორი პლანკა გააკრა, მაგრამ ის დროს დაგაკარგვინებს, რადგან შემდეგ რიგს ვერ დაიწყებ, სანამ სრულად არ გაშრება. ფილის პერიმეტრზე, მაგრამ არა  ნაპირზე, წაუსვი წებო, მიადე ფილა, დააყრდენი ლურსმნებს ან პლანკას და გეჭიროს რამოდენიმე წუთი. როცა  აღარ დაიძვრება, შეგიძლია გაუშვა. გაკვრა ხდება რიგების მიხედვით და ყველას სჭირდება დაჭერა. ნუ იჩქარებ, ლურსმანი იმიტომ ჯობია, რომ შემდეგი რიგის დაწყებას უფრო მალე შეძლებ.