032 2 444 444

საყვარელი ნივთები

09 ივლ. 2018

როცა რემონტი დასრულებულია და მხატვრის ტილოსავით არის გამზადებული გასაფორმებლად, გინდა, რომ ყველაფერი ახალი გქონდეს, მაგრამ არის ნივთები, რომლების დათმობაც ძალიან გიჭირს. ეს შეიძლება იყოს რაიმე დეკორატიული ნივთი ან საერთოდაც კარადა, რომელიც ძალიან მოგწონს. ამ დროს იწყება ბრძოლა შენს თავთან. გინდა დაიტოვო ის, მაგრამ ახალი კონტექსტიდან ამოვარდნილია, თითქოს სხვა პლანეტიდან იყოს. თუმცა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს - შეგიძლია ის სხვა ანტურაჟისთვის გამოიყენო, მაგალითად, არა მისაღებ ოთახში, არამედ კორიდორში, შემოსასვლელში ან საძინებელში. ასევე, შესაძლებელია, შეუცვალო იერსახე და ისეთი გახადო, როგორიც ახალ გარემოს მოუხდება. 

დიზაინერები სპეციალურად ეძებენ და აგროვებენ ვინტაჟურ ნივთებს, რომლებსაც თავისებური შიკი და ხასიათი აქვს. შენ კი ეს ნივთები, ცხოვრების მანძილზე დაგროვილი, თავისი ისტორიებით და მოგონებებით, სახლში გაქვს. სურათები, სათამაშოები, ბალიშები, პლედები, სტატუეტკები და სხვა ბევრი რამ, რაც, შესაძლოა, დიდ ფასეულობას არ წარმოადგენს, მაგრამ დაკავშირებულია სასიამოვნო მომენტებთან, სიტუაციებთან, საყვარელ ადამიანებთან... მათ შენთვის განსაკუთრებული ენერგეტიკა მოაქვთ, გამხნევებენ, გეხმარებიან, გეფერებიან, გათბობენ და გახალისებენ.

მთავარია, გადაწყვიტო, რომელი ნივთი გიყვარს და რომელს უბრალოდ ინახავ. ძალიან ბევრი ძველი ნივთი თანდათან ავტომატურად გროვდება, უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს, აგროვებს მტვერს და დროთა განმავლობაში, თუ არ მოიცილებ, მშრალი ხიდის ფილიალს დაამსგავსებს სახლს. 


ძველი ნივთები, რომლებსაც ვეღარ გამოიყენებ ან გადააკეთებ, შეგიძლია ერთ ინსტალაციად აქციო. ჯგუფურად მოათავსო კედელზე ან უჯრედებიანი ჩასადები „ჩარჩო" გაუკეთო, წინ მიფარებული შუშით. ამ შემთხვევაში, ის უკვე ექსპონატად გადაიქცევა. შენი ძველი ფოტოებით, შეგიძლია, კოლაჟი შეკრა, როგორც მოგონებების კუნძული. თუ ფოტოშოფსაც ფლობ, დასკანერებული ფოტოებისგან, ნამდვილი ხელოვნების ნიმუშის შექმნასაც მოახერხებ. 

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ძველი, საყვარელი ნივთების და ფოტოების თვალიერებისას ირთვება ღიმილის მიმიკები. შენ გგონიათ, უბრალოდ სითბო გეღვრებათ გულში? მთელი ორგანიზმის ბედნიერების ქიმიაა ჩართული ამ პროცესში. 

ხანდახან ნივთები თვითონ გკარნახობენ თავის ადგილს. შეიძლება, სულაც აბაზანაში ამოყოს თავი დიდი ბებიის პუდრის ჩასაყრელმა ან ფუნქცია შეეცვალოს და სხვაგან მოათავსო, მაგრამ ისევ განიჭებდეს მისი დანხვა სიამოვნებას.

პატარა რჩევა მათ, ვისაც უყვარს სანთლები - განალაგე სხვადასხვა ტიპის სანთლები ჯგუფებად. თუ სხვადასხვა ფერის და ფორმის იქნება - მით უკეთესი!

მნიშვნელოვანია ნივთების განლაგების პრინციპიც. ერთ კომპოზიციაში მოქცეული, მოდური და თანამედროვე პატარა „საყვარლობები"თემატურად უნდა უხდებოდეს ძველს, სხვაგვარად, ვერცერთი ვერ გამოასხივებს სათანადო ენერგეტიკას. ეცადე მარტო არ დატოვოთ და სამი, ხუთი ან შვიდი ნივთის დაჯგუფების პრინციპს მიჰყვე. სამი ნივთი ყოველთვის დასრულებულ სურათს გაძლევს.


ძველ ნივთს შარმი და ელეგანტურობაც ექნება, თუ ის მოვლილი და მოწესრიგებულია. თუ საყვარელი სავარძლის ზედაპირს ან შალითებს განაახლებ, გეცოდინება, რომ ეს ისევ ის საყვარელი სავარძელია, თავისი ენერგეტიკით და მოყვანილობით.

შები-შიკი სიტყვასიტყვით გაქექილ შიკს ნიშნავს და როგორც მიმდინარეობა ბრიტანეთში, 1980-იანებში წარმოიშვა. მის ავტორად რეიჩელ ეშველი ითვლება, რომლის ნამუშევრებშიც გამოყენებულია, როგორც ძველი ავეჯი და ნივთები, ისე რკინის მოაჯირები და ღობეების ნაწილებიც კი. კონცეპციის მთავარი აზრი იმაშია, რომ ერთი, ცენტრალური ვინტაჟური ნივთის გარშემო ეწყობა მთელი ინტერიერი.

ძველი ავეჯი ძალიან ლამაზია ინტერიერში, მაგრამ გახსოვდეს რომ ის უნდა იყოს შეკრული, სუფთა, თუ საჭიროა, რესტავრირებული, ან გამაგრებული მაინც. შები-შიკის მთავარი მახასიათებლებია: გაბზარული, გადაქერცლილი, გაქექილი, უსწორმასწორო ზედაპირები.

ხანდახან ისე ხდება, რომ შენი საყვარელი სკამი, თარო ან პუფი არ უხდება დანარჩენ ავეჯს. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლია, „მოატყუო" თვალი და კედლისფრად შეღებო ეს ნივთი. 
გამოიყენე ძველი ჩემოდანი, სკივრი ან ტუმბო ყავის მაგიდად. უბრალოდ, თავზე შუშის ზედაპირი მოუწყვე.

განსხვავებული უჯრების, თაროების, ეტაჟერკების, საკიდების, ჟურნალების მაგიდის, ქუდების ჩასადები ყუთების ერთად მოქცევით და ერთ სტილში გაფორმებით შეიძლება ნამდვილი სასწაული მიიღო. ასევე, შეგიძლია, გამოიყენო პალეტები, რომლებისგან, ბოლო დროს, დიზაინერები არაჩვეულებრივ კონცეპტუალურ ავეჯს ქმნიან. მთავარია, ყველაფერში გემოვნება და ზომიერება გამოიჩინოთ. პალეტებისგან ავეჯის შექმნა ძალიან ადვილია, თვითონაც შეძლებ - უბრალოდ, შეღებვამდე კარგად დაამუშავე ზედაპირი, რომ ხიჭვები არ ჰქონდეს.


აქვე მინდა, დავიცვა ძველმოდური ყვავილები - ქლოროფიტუმი, ჰიბისკუსი, ოქსალინა - მელნისფერი ბედნიერების ყვავილი, აზალია, სენსივერია, დეკემბერა, გერანი, ჩვენი ბებიების ყვავილები. თუ ეს ყვავილები გაქვს და გასაქრობად გენანება, გადარგე ისინი ძველ ჭურჭელში - ჩაიდნებში ან გადაჭრილ ბოთლებში. ჩარგე სხვადასხვა ფერის იები (სენპოლიები) ერთად, მომავალ წელს ის ყველა მეზობელი ყვავილისგან გადმოიღებს ცოტა ფერს და აჭრელდება!


მათ შეგიძლია მოუწყო „ფრანგული" კუთხე, იქვე დაუმატო როზმარინი, პიტნა, ბარამბო, ბაზილიკო, შავთავა ან სხვა მოდური გასტრონომიული მცენარეები და გადარგო ეს ყველაფერი ცისფერ ან ნაცრისფერ ქოთნებში.