032 2 444 444

როგორ ავარჩიოთ ნივთები

09 ივლ. 2018

ახალ სახლში უამრავი ნივთია საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად დასვა პრიორიტეტები, თუ რას იყიდი პირველ რიგში. სანამ სალონებში და მაღაზიებში სიარულს დაიწყებ, ჩამოწერე შესაძენი ნივთების სია.

არ დაელოდო რემონტის დასრულებას - ზოგიერთი ნივთი შესაძლოა, გამოსაწერი გახდეს, ამიტომ წინასწარ იზრუნე ავეჯზე!

დავიწყოთ მისაღები ოთახით. პირველი ნაბიჯი ბიუჯეტის დაგეგმვაა. გახსოვდეს, დაბალი ფასის შედეგი, შესაძლოა, იყოს ასევე დაბალი ხარისხის მასალები, რაც არც ისე უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. აუცილებელი არ არის, დივანი ნატურალური ტყავის იყოს. თუ თანხაში შეზღუდული ხარ, არჩევანი ნაჭრის ავეჯზე შეაჩერე და დარწმუნდი, რომ ის კარგად იწმინდება. 

არ შეგეშინდეს ინტერიერის გაწყობა სხვადასხვა სტილის ავეჯით, ცალსახა მკაცრი კლასიკის დრო წარსულში დარჩა, ახალგაზრდები ირჩევენ ეკლექტიკას. გაახალისე ინტერირი შენი ხასიათის და ცხოვრების სტილის მიხედვით. გახსოვდეს, იმისთვის, რომ ოთახი კომფორტული იყოს, ავეჯი ფართის  40-50%-ზე მეტს არ უნდა იკავებდეს. 

როგორ შეარჩიო დივანი და საერთოდ რბილი ავეჯი? მარტო ვიზუალი საკმარისი არ არის. ჩემი აზრით, ის სულ ბოლო კრიტერიუმია. მთავარია, ავეჯი კომფორტული იყოს. როგორ გიყვარს ჯდომა? ყავით და გაზეთით, - მაშინ შენ უფრო მაღალი, ფეხიანი დივანი მოგეწონება, რომლის დასაჯდომი ნაწილიც ძალიან ღრმა არ იქნება. მისი შიგთავსი კი პოლიურეტანის რომ იყოს, დივანი უფრო გამძლე იქნება.  


თუ ფეხებ აკეცილი, პლედით და ღვინით ან ლიმონიანი ჩაით მყუდროდ უნდა მოთავსდე, შენი სტუმრები კი ახალგაზრდები იქნებიან, მაშინ დაბალი, ღრმა დივანი გჭირდება. ამ შემთხვევაში, მისი შიგთავსი შეიძლება ბუმბულით ან memory foam-ისგან იყოს დამზადებული. თუ საღამოებს ჩაის ჭიქით ხელში ატარებ, მაშინ ალბათ გესიამოვნება, რომ დივანს ფინჯნის დასადგამიც ჰქონდეს.

                        

თუ ხარისხში ვერ ერკვევი, არსბობს რამდენიმე მარტივი მაჩვენებელი, რომელიც მიგახვედრებს, რამდენად ღირსეული არჩევანის წინაშე ხარ. პირველ რიგში, გვირისტი. თუ „სტროჩკა"ყველა დეტალზე უმწიკლოდ სწორად არის, ეს ნიშნავს, რომ მწარმოებელი ამას დიდ ყურადღებას აქცევს. მით უფრო, თუ გვირისტი კონტრასტული ფერით არის შესრულებული. კონტრასტს გამბედაობა უნდა, შესაბამისად, ის „მოხლაფორთებული" ვერ იქნება. ესე იგი, შეკერვის ხარისხს შესაბამისი ყურადღება ექცევა. დააკვირდი ბალიშების სიმკრივეს და შემვსებელ მასალას. დაათვალიერე ავეჯის დაფარული მხარეები: კარკასის კონსტრუქცია ხის უნდა იყოს და არა ლამინატის. თუ მასიური ხისგან არ არის ავეჯი დამზადებული, დარწმუნდი, რომ ის მოპირკეთებულია ნატურალური შპონით და არა დაბეჭდილი ნახატიანი ლამინირებით. შეამოწმე კარების ფურნიტურა, ის ადვილად უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს. 

სავარძელი კიდევ უფრო რთული ასარჩევია. აქაც იგივე კრიტერიუმებია: სირბილე, სიგანე, ელასტიურობა. გეყოფა ადგილი, რომ ფეხები ამოკეცო? სავარძლები შეიძლება დივანის მსგავს იყოს, თუმცა აუცილებელ არ არის. შეიძლება, ბევრი სხვადასხვა სავარძელი მოგწონდეს ინტერიერში, რატომაც არა, თუ ოთახის ზომა ამის საშუალებას იძლევა. მთავარია ერთი ოთახის ყველა რბილ ავეჯს რაიმე დეტალი ჰქონდეს საერთო, თუნდაც ბალიში, ან დაგდებული პლედი. მკაცრი წესები არ არსებობს, უბრალოდ, ერთმანეთს უნდა უხდებოდნენ, იმისათვის, რომ ავეჯის კომპიზიცია უფრო მსუბუქი გამოჩნდეს, მაღალ ფეხებზე მდგომი აარჩიე. ოთახის ზომაც ვიზუალურად უფრო გაიზრდება და სიმსუბუქეც მიეცემა კომპოზიციას.

სტუმრების რაოდენობაც უნდა გაითვალისწინო, ხალხმრავალ დღესასწაულებზე ბევრი დასაჯდომი ადგილი დაგჭირდება.

სწორად არჩეული სასადილო მაგიდა ძალიან მნიშვნელოვანია. 6-8 ადამიანის დასატევად 2,5 მეტრის სიგრძის მაგიდა არის საჭირო. უმჯობესია, გასაშლელი. თუ მრგვალი მაგიდის მოყვარული ხარ, გაითვალისწინე, რომ მას უფრო დიდი ადგილი სჭირდება. აღარ არის აქტუალური, სასადილო მაგიდის სკამები იგივე გარნიტურის იყოს. სულაც, განსხვავებული სკამებით შეგიძლია გააწყო, მაგრამ ამისათვის დანარჩენი ოთახიც ამ მხიარულ ონავარ სტილში უნდა იყოს გადაწყვეტილი.

კარადების ზომა დამოკიდებულია შესაწყობი ნივთების რაოდენობაზე. თუ ძალიან ბევრი ნივთი გაქვს, სათავსოც მზად უნდა იყოს ამისთვის. გარდერობის შემთხვევაში, მე კლოზეტის მოწყობას გირჩევდი ან ჭერამდე უზარმაზარ კარადებს. კარადების სიღრმე შეიძლება არა სტანდარტული 60 სანტიმეტრი, არამედ ბევრად მეტი  იყოს. კარადის ფასადი კი ამ შემთხვევაში იგივე ზომის დარჩება.

შემდეგი სერიოზულესი არჩევანი - მატრასი!
მთელი ღამე მასზე უნდა გაატარო და, ცხადია, კომფორტული ნივთების სიაში ეს აქსესუარი ერთ-ერთი მთავარია. კრიტერიუმი ბევრია, ზოგი თეორიული, ზოგიც - პრაქტიკული. დავიწყოთ თეორიით - ზამბარიანი მატრასის ანატომიურობა. ერთი ადამიანის დასაძინებელ ადგილზე მინიმუმ 550 ზამბარა უნდა მოდიოდეს. ეს ნიშნავს, რომ ორადგილიანზე მინიმუმ 1100. რაც უფრო მეტი იქნება, მით უკეთესი! 

ზამბარები არსებობს დამოუკიდებელი და დამოკიდებული. დამოკიდებული ზამბარები ერთმანეთზე გადაბმულია. ასეთი მატრასები შედარებით იაფია და საკმაოდ გამძლეა, მაგრამ არა ანატომიური. ამ მატრასებს აქვს ე.წ. ტალღის ეფექტი. წოლისას ხერხემალი ეწყობა ზამბარის ხაზს და არა პირიქით. 
ასეთი ტიპის მატრასზე შეიძლება კომფორტულად ვერ გამოიძინო. გარდა ამისა, ვინაიდან მთლიანობაში მისი ზამბარები ერთმანეთთან კავშირშია, უფრო მსუბუქი ადამიანი შეიძლება ცურდებოდეს უფრო მძიმისკენ. 
დამოუკიდებელი ზამბარები სათითაოდ თავის „ჯიბეშია" მოთავსებული და 
დაწოლის დროს მხოლოდ ის იკეცება, რომლებზეც ხდება ზემოქმედება. ზამბარები სხეულის კონტურებს იმეორებს და ძილს გაცილებით უფრო კომფორტულს და სრულფასოვანს ხდის. ანუ, ჰამაკივით არ ჩაიზნიქება და რომ გადაბრუნდები ან წამოხტები, საწოლი ინერციით არ აქანავდება.

შემდეგ მოდის მატრასის სიმკრივე. 
ყველაზე რბილი მატრასების შიგთავსი არის ლატექსი, ჰოლოფაიბერი, ორთოპედიული ქაფი. რაც უფრო მეტი სახეობის ფენებისგან შედგება ზამბარის ზემოთ მოწყობილი შიგთავსი, მით უფრო რბილი იქნება. ამ მატრასების დანიშნულებაა კუნთების რელაქსაცია, სისხლძარღვებისა და სახსრებისგან დატვირთვის მოხსნა. რბილი მატრასები რეკომენდებულია ადამიენებისთვის, ვისაც წელის ტკივილი აწუხებს, მოხუცებისთვის ან ძალიან გამხდარი ადამიანებისთვის.

მკრივი მატრასები შეიცავს მყარი და რბილი შიგთავსის ნაზავს. როგორც წესი, აქვს ქოქოსი და სიზალი, ხოლო კომფორტისთვის ორთოპედიული ქაფი და დიდი ზომის რომბებად დალიანდაგებული ზედაპირი. ასეთი მატრასი უნივერსალურია, ბავშვებისთვისაც და მოზრდილებისთვისაც.

მკრივი მატრასების შიგთავსი ცხენის ძუა, ქოქოსის ქოირა, სიზალი ან თერმულად შეკრული სელის ბოჭკოები ან მათი კომბინაციებია. ამ ტიპის მატრასებს გაძლიერებული ზამბარები აქვს. ისინი გათვლილია მაქსიმალურ დატვირთვაზე და რეკომენდებულია დიდი წონის ადამიანებისთვის. ასევე, მათთვის ვისაც ხერხემლის პრობლემები აქვთ.

ზამთარ-ზაფხული. ორივე მხარეს აქვს სხვადასხვა მასალის შევსება, ერთი, როგორც წესი, თბილია და განკუთვნილია ზამთრისთვის, მეორე კი ნეიტრალური, რომელიც სხეულის სიმხურვალეს ანეიტრალებს. ასეთ მატრასებს სეზონური მხარის შესაბამისად, შეიძლება სხვადასხვა სიმკვრივე და ჰქონდეს.

მატრასები არის ერთსაწოლიანი, საწოლნახევრიანი და ორსაწოლიანი:
ერთსაწოლიანის  სიგრძე 190-200, სიგანე - 80-90 სმ;
საწოლნახევრიანის სიგრძე 190-200, სიგანე - 120-140 სმ;
ორსაწოლიანის  სიგრძე 190-200, სიგანე - 160-200 სმ.

მატრასს გარშემო შეიძლება ჰქონდეს (ან არ ჰქონდეს) ორთოპედიული ქაფით შესრულებული დასქელება, რომელიც იცავს მას დეფორმაციისგან და კიდეზე ჩამოჯდომისას კომფორტისთვის არის შექმნილი.

უზამბარო მატრასები ჩვენთან ძირითადად ბავშვის საწოლისთვის მზადდება. მნიშვნელობა აქვს შევსებას - უნდა იყოს ჰიპოალერგენული. თოთო ბავშვების მატრასი უფრო სწორი და მკრივია, ხოლო მოზრდილი ბავშვის შედარებით რბილი.

სასტუმრო ოთახი და საძინებელი მოვაწყვეთ. ახლა, ძალიან მოკლედ, ვისაუბროთ განათებაზე.

ლედ განათება ყველაზე ეკონომიურია - 5 ვატიანი ლედ-ნათურა ანათებს ისე, როგორც სხვა 50-60 ვატიანი. თუ ჯერ არ შეგისწავლია ლედ-ნათურების ბაზარი, მერწმუნე, დიდი არჩევანია. არსებობს დეკორატიული, ჰალოგენები, წერტილოვანი და სხვა. მოკლედ, თუ არჩევან მასზე შეაჩერებ, ძველებული, ხრახნიანი ერთი ნათურის ნაცვლად, ათი ლედ-ნათურა დაგჭირდება, რაც იგივე დანახარჯით და 10-15-მაგი სიკაშკაშით გაგინათებს სახლს. 

იმის მიუხედავად, გექნება თუ არა სახლი ზონებად დაყოფილი, ძალიან კარგია, საქმიანობის მიხედვით სხვადასხვანაირი განათების გამოყენება. 


იცოდეთ, ძალიან მოხერხებულია, როცა ზონებად შეგიძლია გაანათო ოთახი. განწყობის მიხედვით. საჭიროების მიხდვით. ერთი ფიქსირებული ჭაღით ამას ვერ მიაღწევ.

როცა ყველა ზონის ცალ-ცალკე განათება შეგიძლია, სულ ერთია, ტორშერით, წერტილოვანი განათებით, მიმართული თუ დეკორატიულით, ეს ძალიან მოხერხებულია, გარდა ამისა, იქმნება სხვადასხვა ოთახების ილუზია. ზედმეტი შუქი არ უშლის სხვებს. თანაც ძალიან მყუდროა. განსაკუთრებით, სასტუმრო ოთახში. ბავშვის ოთახში კი ზონებად განათება აუცილებელია - ზოგი თვალებში არ შეანათებს, ზოგს მეცადინეობის დროს ჩართავს, ზოგს კი - თამაშის. დაძინებულს პატარა ციმციმები გაუნათებენ, ღამე რომ არ შეეშინდეს.

საძინებელშიც გჭირდებათ წასაკითხი შუქი, გარდერობის შუქი. ასე რომ, განათების წერტილები ბევრი გროვდება ხოლმე, ხოლო ცალცალკე ანთების შემთხვევაში გადასახდელი ნაკლები იქნება, და თუ დამიჯერებთ, და ლედ-განათებას გადაწყვეტთ, გაცილებით უფრო ეკოლოგიურად და მწვანედ იცხოვრებთ.


ბავშვის ოთახი

მთავარი კითხვა: რამხელაა ბავშვი?

გაიგე მეტი

დიზაინის ფსიქოლოგია

დიზაინის მთავარი წესები თავისთავად შეიქმნა ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე

გაიგე მეტი

საყვარელი ნივთები

როცა რემონტი დასრულებულია და მხატვრის ტილოსავით არის გამზადებული გასაფორმებლად

გაიგე მეტი

შენი ხელით

თუ სამუშაოების დაწყებამდე ინსტრუქციას წაიკითხავ, ყველაფერი გამოგივა

გაიგე მეტი

მისაღები ოთახი

ოთახის შემადგენლობა

ჯამური თანხა

0 ₾

სესხის კალკულატორი

საკონტაქტო ინფორმაცია

შეავსეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში.

თქვენი მოთხოვნა
გაგზავნილია