032 2 444 444

ეფექტური ბიუჯეტი

06 ივლ. 2018

მცირე ბიუჯეტის ფარგლებში შთამბეჭდავი დეტალები და მათი მნიშვნელობა.

რაზე ვერ გააკეთებ ეკონომიას? პირველ რიგში სტილზე. ლოფტი, გრანჟი, ფიუჟენი, ეკლექტიკა... სტილი გულისხმობს ელემენტების ერთიანობას და შეიძლება აღმოჩნდეს რომ „ცხოვრება შეუძლებელია ამ სავარძლის (სანათის, საწოლის, მაგიდის, სარკის...) გარეშე", და ამ ერთ სავარძელს მოჰყვემა მთელი რიგი ასეთივე აუცილებელი ნივთები. გარდა ამისა, დამოუკიდებლად სტილის შექმნა ძალიან ძნელია, რაც არ უნდა კარგი გემოვნება და მდიდარი ფანტაზია გქონდეს. სტილი ითხოვს პროფესიონალ დიზაინერს, ეს კი დამატებითი ხარჯია.

რით მივიქციოთ ყურადღება, რაზე გავაკეთოთ აქცენტები ისე, რომ მოკრძალებული რემონტი განსხვავებული და საინტერესო იყოს და  აღფრთოვანებას იწვევდეს? პასუხი მარტივია - დეტალებით! ისეთი წვრილმანებით, რაც ყველაზე თვალშისაცემი და ეფექტურია.

გაიხსენე, რამ მიიქცია შენი ყურადება მეგობრის ახალ ბინაში?

ყველაზე სერიოზულ „თავბრუსხვევას" ტექნიკა იწვევს. ჭურჭლის მანქანა, გრანდიოზული გამწოვი, სარეცხის საშრობი ან საშრობიანი სარეცხი მანქანა, სახლის კინოთეატრი, ჭკვიანი სახლი, უთო, რომელიც დაკეცილ სარეცხს წამებში აუთოებს. თუმცა, ამ ტიპის ეფექტური ნივთები, ცოტა არ იყოს, ხარჯიანია.

შემდეგ მოდის მოსაპირკეთებელი მასალები, რაც არანაკლებ ეფექტს ახდენს. მაგალითად, აბაზანაში რომ ჩვეულებრივი „ბიუჯეტური"კაფელი გამოიყენო, ხელსაბანის მაგიდა კი გამოყო საერთო დიზაინიდან და მისთვის ბუნებრივი ქვა ან კერამიკა შეარჩიო, საკმაოდ ეფექტურ შედეგს მიიღებ. ქვის პატარა დეტალებში გამოყენებაც კი დახვეწილ და მდიდრულ იერს აძლევს ინტერიერს.

სამზარეულოს სამუშაო ზედაპირის, ე.წ. „სტალიჩნიცის" თავზე კედლის მოპირკეთება. ამ ადგილის კვადრატურა იმდენად მცირეა, რომ შეიძლება გარისკვა და რამე ექსტრავაგანტურის გაკეთება. მაგალითად, სპილენძის ან უჟანგავი მეტალით მოპირკეთებული კერამიკული ფილა. შესაძლებელია, ამაზონიდან გამოწერაც, ეს რაოდენობა იმდენად მძიმე არ გამოვა, რომ განბაჟება ძვირი ღირდეს. არც ფილების ფასი იქნება საგანგაშოდ მაღალი, სამაგიროდ, ეფექტურ შედეგს მოგიტანს!



ამგვარად გამოყოფილ სივრცეს, სპილენძის ონკანი და აქსესუარები მოუხდება, რაც უკვე აქ შეგიძლია შეიძინო.

შემდეგი ვარიანტი - სკინალი. მოკალული მაღალი ტემპერატურის და მსუბუქი დარტყმის გამძლე მინა, რომელზეც უკანა მხრიდან იბეჭდება ნებისმიერი ნახატი, ან ვინილის ფონი. მისი მოვლა ისეთივე მარტივია, როგორც ჩვეულებრივი მინის. ფასი გრძივი მეტრობით ანგარიშდება და თითო მეტრი საშუალოდ სამოცდაათი დოლარი ღირს. 



სკინალი სამონტაჟო წებოთი ან ხრახნებით მაგრდება და დამოკიდებულია კედლის სისწორეზე.

გარდა სკინალისა, შეგიძლია სქელი შუშის ფერადი ფილები გამოიყენო, რომელიც არანაკლებ ელეგანტური, ეფექტური და ხალისიანია.

ოთახში შეგიძლია დახურული, დეკორატიული ბუხარი დადგა, რომელსაც არ სჭირდება გამწოვი მილი. მწვადს ვერ შეგიწვავს და სითბოს ძირითად წყაროსაც ვერ შეგიცვლის, მაგრამ სასიამოვნო და დამამშვიდებელ გარემოს კი შეგიქმნის.

კიდევ ერთი იდეა - თუ მცენარეების  მოვლა გიყვარს და შეგიძლია, ცოცხალი კედელი მოაწყვე. სცადე, ისეთ ადგილას მოათავსო, სადაც ნამდვილი ფანჯარა არ არის. ამ გარემოში, ის ფანჯრის ილუზიას შექმნის.

დღეს საკმაოდ ტრენდულია საერთო ოთახის ან სივრცის თემატურ ზონებად დაყოფა. როცა ზონები კედლით ან ავეჯით არ იყოფა, ოთახი უფრო დიდი ჩანს. გასაყოფად შეგვიძლიასხვადასხვა ტიპის ინსტალაციები გამოვიყენოთ: ვიტრაჟი, ორიგინალური შირმა, „პირობითი ტიხარი", შესრულებული ბამბუკისგან, ტოტებისგან, ჯაჭვებისგან, თოკებისგან, სარკეებისგან...
დავიწყოთ ვიტრაჟით: მისი განთავსება განათებულ ადგილას ჯობია, ან  ისე, რომ ტორშერის, ბრას ან სხვა ნებისმიერი განათების სხივი მას ხვდებოდეს. ასეთ შემთხვევაში, ის ბევრად უფრო ცოცხალი გამოჩნდება.

შემდეგი იდეა - ხის შირმა. ის თხელი ფანერისგან კეთდება. იჭრება ლაზერით, შესაძლებელია იყოს შეღებილი ან გალაქული. რაც უფრო ჰაეროვანი იქნება და მსხვილი ფიგურებით ამოჭრილი, მით უფრო მსუბუქი გამოჩნდება.

ბამბუკის ინსტალაცია ძალიან მარტივად კეთდება - რკინის დასადგამის ნახვრეტებში, როგორც ლარნაკში, ჩადგი ტოტები. რეკომენდებულია თხელი ბამბუკები, რომ სიმსუბუქე არ დაკარგოს. გვერდებზე და თავზე დამაგრება საჭირო არ არის. დასადგამიც და ბამბუკებიც შეგიძლია განსხვავებულ ფერში გადაღებო. მაგალითად: შავად, ოქროსფრად, ყვითლად. 

     

უცნაური თაროები,  რომელიც სტერეოტიპულ წარმოდგენებს დაარღვევს. მაგალითად: მრგვალი, რკინის, შუშის, ან არა ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფორმის, არამედ, დიაგონალური აგებულების.

სამზარეულოს ნივთები, ონკანი, ჭურჭელი, განსხვავებული ფორმის ან ფერის სკამები და სხვა. თუ მისაღები ოთახის მოწყობისას გამბედაობა არ გეყოფა, სამზარეულო ის ადგილია, სადაც ექსპერიმენტების ჩატარება უფრო თამამად შეგიძლია. სკამების ფორმა, სიმაღლე, მასალა ყველაფერი შეიძლება იყოს ახალი, ექსპერიმენტული და განსხვავებული. ყოველდღე სხვა სკამზე დაჯდები და სხვადასხვანაირად დაიწყებ დღეს!

კიდევ ერთი „შიკის" ატრიბუტი - ჭაღი! კარგად რომ დაფიქრდე, მიხვდები რომ ჭაღი და განათება ყველგან პირველი გხვდება თვალში. თუ ძველი ჭაღი გაქვს, ჩასვი ის გალიაში და კაშკაშა ნათურები გაუკეთე, რომ გალიიდან „ყვიროდეს"! დარწმუნებული ვარ, ასეთი მარტო შენ გექნება!

სასადილო მაგიდის თავზე შეგიძლია, ბევრნათურიანი ჭაღი დაკიდო, ოღონდ ნათურების ნაცვლად სანთლები დაამაგრო. თუ სხვა განათებაც გაქვს, არაჩვეულებრივი სიმყუდროვის ეფექტი შეიქნება: თბილი, მყუდრო და ოჯახური.

უცნაური „სურათები": გააკთე ისეთი რამ, რასაც არავინ აკეთებს - ჩასვი ძველ, ვინტაჟურ, მძიმე, ან ვიზუალურად მდიდრულ ჩარჩოებში ქსოვილის ნაჭრები. მაღაზიებში ხშირად იყიდება ნარჩენები და ჩამონაჭრები, ასევე, შეიძლება შენც გქონდეს ძველი ქსოვილი სახლში. შეგიძლია, დედას და ბებიას ჰკითხო, სავარაუდოდ, დიდი სიხარულით დაგეხმარებიან. ყველაზე კარგად გობელენები ან ე.წ. „ავეჯის ქსოვილები" გამოიყურება. თუმცა, ბავშვის ოთახისთვის, შეგიძლია უბრალო ხის ჩარჩოზე ძველი დაპატარავებული ნახატიანი ან წარწერებიანი მაისურის ნაჭერი გადააკრა.

მოკლედ, უცნაური ნივთები ძალიან დიდ ყურადღებას იპყრობს. შენ გახალისდები, შენი სახლი კი განსხვავებული, გამორჩეული, ექსკლუზიური და განუმეორებელი გახდება.

ავეჯის გამოცვლის ნაცვლად, შესაძლებელია, ძველი განაახლო. შეარჩიე ნაჭერი ხალისიანი ნახატით, შეაკერინე შალითები ან უბრალოდ საფარი გამოცვალე. შელახული ხის დეტალები შეიძლება ხელახლა გაილაქოს ან შეიღებოს.

ქალაქში ბევრი მაღაზიაა, სადაც ძველებური ავჯის აღმოჩენა შეიძლება, იქვე შემოგთავაზებენ რესტავრაციასაც. ძვირი ნამდვილად არ ჯდება, სანაცვლოდ კი განსხვავებული, საინტერესო, ვინტაჟური სტილის ავეჯი დაგრჩება.

ინტერიერში ფარდებიც ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური დეტალია. შეარჩიე განსხვავებული ფორმის, ჩადგმული მაქმანებით, ან ეფექტური ფერადი ნაჭრით.



თუ მოკლე, მაგრამ განიერი ფარდა გჭირდება, შეაერთე რამდენიმე და ისე დაკიდე, რომ შეკერვის ადგილი ნაკეცში მოთავსდეს ან პირიქით, შეერთების ადგილზე ჩაყენებული მაქმანები დემონსტრატიულად გამოკვეთე, რაც მას განსხვავებულ და ორიგინალურ სტილში წაიყვანს.

როგორ ავარჩიოთ ნივთები

ახალ სახლში უამრავი ნივთია საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად დასვა პრიორიტეტები, თუ რას იყიდი პირველ რიგში

გაიგე მეტი

ბავშვის ოთახი

მთავარი კითხვა: რამხელაა ბავშვი?

გაიგე მეტი

დიზაინის ფსიქოლოგია

დიზაინის მთავარი წესები თავისთავად შეიქმნა ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე

გაიგე მეტი

საყვარელი ნივთები

როცა რემონტი დასრულებულია და მხატვრის ტილოსავით არის გამზადებული გასაფორმებლად

გაიგე მეტი

მისაღები ოთახი

ოთახის შემადგენლობა

ჯამური თანხა

0 ₾

სესხის კალკულატორი

საკონტაქტო ინფორმაცია

შეავსეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში.

თქვენი მოთხოვნა
გაგზავნილია