032 2 444 444

ცხოვრების ფერი

06 ივლ. 2018

გოეთე თავის „ფერთა თეორიაში" წერდა: „ფერი არის სინათლის პროდუქტი, რომელიც იწვევს ემოციას". ადამიანების განცდის აღსაწერად ხშირად ვიყენებთ სიტყვებს „გაწითლდა", „გაშავდა", „გამწვანდა"... გვესმის, რომ ამ დროს ადამიანები ფერს კი არ იცვლიან,  უბრალოდ, ადამიანის  განცდას ინტუიციურად ვუკავშირებთ ფერს, რომელიც ზუსტად აღწერს ემოციას. ფერი არ არის ემოციის ცალსახა ნიშანი,  ის უბრალოდ ძალაუნებურად ჩვენს ქვეცნობიერების სიღრმეში ბადებს ასოციაციებს, რომელიც აღწერს განცდას.

ნივთები, რომელიც ბავშვობიდან არსებობს ჩვენს ყოველდღიურობაში, გვამახსოვრებს თავის სტანდარტულ მახასიათებლებს, და ჩვენი გონება გაკვირვებულია, როცა ხედავს ლურჯ ხეს, წითელ ბანანს, სხვა ფერად დახატულ ფიგურას, რომელიც გავს მზეს....

ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა ძალიან დაკავებულები ვართ, ცაიტნოტში, სულ სადღაც გვეჩქარება, გვაგვიანდება, ვერც კი ვამჩნევთ ვიზუალურ სტიმულებს, რომელიც მოქმედებს ჩვენი გადაწყვეტილებების მიღებაზე. ხანდახან მიზანდასახულად მიდიხარ შეხვედრაზე, ზუსტი გეგმაც გაქვს ჩამოყალიბებული, ყველა ქმედება და კითხვა-პასუხი დაგეგმილი, მაგრამ რატომღაც ბოლო მომენტში ვერ ხვდები, რატომ გადახვედი სცენარიდან და მოიქეცი სხვანაირად. რა თქმა უნდა, არასდროს იფიქრებ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, უმნიშვნელო დეტალი იყოს, განსხვავებული ფერის კარადა, რომელიც სადღაც სიღრმეში ცუდ განცდას გაგახსენებს, ან ოპონენტს ეცვა ისე, როგორც იცვამს შენთვის არასასურველი და არასასიამოვნო ადამიანი... ვერც კი მოასწრებ ამის გაანალიზებას და ამ მომენტალური ემოციისთვის სახელის დარქმევას,  ისე შეცვლი მოქმედების გეგმას. 

ფერის მეშვეობით ემოციის მართვას სწავლობს კოლორისტიკა. ფერის მნიშვნელობას სწავლობენ ფსიქოლოგები, მარკეტოლოგები, სოციოლოგები, ლინგვისტები. ისინი სწავლობენ გამოთქმებს, აანალიზებენ ხშირად შემხვედრ ფერებს, მათ გამოყენებას საქონლის შეფუთვაში, აანალიზებენ, თუ რატომ ხდება უცებ რომელიმე ფერი ზეპოპულარული. გადავხედოთ ძირითადი სტანდარტული ფერების მნიშვნელობას და მათ ზეგავლენას ჩვენზე.

დავიწყოთ თეთრი ფერით - სიწმინდის, სიმშვიდის, სიახლის, სრულყოფილების, ახლის დასაწყისის ფერი. საავადმყოფოებში ჭარბობს - იმიტომ რომ ამშვიდებს. როცა გვინდა, კარგად გამოვიყურებოდეთ, ვიცვამთ თეთრ პერანგს. თეთრი ფერი მიუკერძოებელი, სრულყოფილი და უმწიკლოა. არ გიყვარდეს თეთრი - იგივეა, რაც წყალი ან ჰაერი არ გიყვარდეს. მაგრამ, თუ არ იცი, როგორ გამოიყენო მისი შესაძლებლობები, თეთრი ფერი უსახურად, სევდიანად მოგეჩვენება.



ყვითელი არის პოზიტივის, ოპტიმიზმის, ახალგაზრდობის, საიმედოობის და კრეატიულობის ფერი. სმაილიკები ყოველთვის ყვითელია, და ალბათ, მოწყენილად, ან ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს ყვითელ ტანსაცმელს არავინ იცვამს. ეს არის მზის, ოქროს, თუთიყუშების და წიწილების ფერი!

ამავდროულად, ყვითელის აღქმა არაერთგვაროვანია და არა ცალსახა. ის, აგრეთვე, უკავშირდება სიძუნწეს, ტყუილს (ყვითელი პრესა), სიგიჟეს (გიჟი ყვითელი). ზოგიერთ კულტურებში ყვითელი ყვავილი ნიშნავს განშორებას, მიტოვებას, დანაკარგს. შუა საუკუნეებში ყვითელი ითვლებოდა ებრაელების ფერად, რადგან მათ მუდმივად დევნიდნენ სხვადასხვა ტერიტორიებიდან. ამ დროს ჩინეთში ყვითელი ყველაზე საპატივსაცემო ფერია და ასოცირდება მხოლოდ დადებით ემოციებთან. ფიზიოლოგიურად ოპტიმალური ფერია, ასტიმულირებს ნერვულ სისტემას და მხედველობას. ნაკლებად დამღლელია.



ნარინჯისფერი (სტაფილოსფერი, ფორთოხლისფერი) მომენტალურად იტაცებს ყურადღებას. ხილის ფერი. მზის ჩასვლის ფერი. ჟღალთმიანი ადამიანები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. ძალიან ხშირად წითელს ვეძახით იმას, რაც სინამდვილეში ნარინჯისფერია - ცეცხლი, სახლების სახურავები, წითელი აგური... ფერთა ფსიქოლოგიის თანახმად, ეს არის ენერგიის, ექსტრავაგანტურობის, ტრანსფორმაციის და უნიკალურობის ფერი. დადებითად მოქმედებს პესიმისტებზე და დეპრესიაში მყოფებზე. ადამიანებს, რომლებიც იღვიძებენ დაღლილი და უხასიათო და მხოლოდ ფინჯანი ყავის შემდეგ მოდიან ხასიათზე, მიანიჭებს მხნეობას. თუმცა გადამეტებით არაფერი არ ვარგა.



წითელი ეშხიანი ფერია. ის იქცევს ყურადღებას და ამავდროულად გვაფორიაქებს. ფერთა ფსიქოლოგიის მიხედვით ის ასოცირდება სიყვარულთან, სიახლოვესთან, სიხარულთან, მაგრამ ამავდროულად სისხლთან, ომთან, ეჭვებთან, აკრძალვებთან. ის ყველგანაა, შუქნიშანზეც, სადაც ნამვილად არ გვახარებს, მაგრამ ამავდროულად წითლად დაწერილი სეილის ფასი გულს სიხარულით გვივსებს... როცა რამე სასწრაფოა, საჩქაროა, ყურადღების მისაქცევია - წითლად ვნიშნავთ. ეს ისეთი ფერია, რომელსაც ვერ გამოტოვებ! მოთხილამურეების წითელი კომბინეზონები, წითელი ტანსაცმელი და პომადა, წითლად მონიშნული ტექსტი, მანქანის ციმციმები... ვერ გამოტოვებთ. აღაგზნებს ნერვულ სისტემას, ორგანიზმის ფუნქციები აქტივირდება, ცოტახნით ავითარებს კუნთების დაძაბულობას, აძლიერებს გულისცემას და სისხლის მიმოქცევას...