032 2 444 444

ბავშვის ოთახი

09 ივლ. 2018

თოთო ბავშვის ოთახს სხვა დატვირთვა აქვს, ის მას ჩვევებს უყალიბებს, ადგმევინებს პირველ ნაბიჯებს, აცნობს სამყაროს და საკუთარ თავს. ამის გარდა, ყოველდღიურად ამშვიდებს და ართობს.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახალშობილის ინტელექტუალური განვითარებისთვის. ოთახი, სადაც ბევრი საინტერესო საგანია - ნახატები ან სათამაშოები, მას ინტერესს უღვიძებს, უვითარებს საწყის ჩვევებს, დააკვირდეს გარემოს, დაათვალიეროს ნივთები, შეეხოს, შეიგრძნოს სხვადასხვა სტრუქტურა. ტაქტილურ შეგრძნებებს უდიდესი როლი აქვს ადანამიანის ცხოვრების ნებისმიერ ასაკში. ახალშობილები, რომლებიც „საინტერესო ოთახში" ცხოვრობენ, გაცილებით სწრაფად ვითარდებიან.

დღევანდელი ტრენდი ბავშვის აღზრდაში და მისი ოთახის მოწყობაში მონტესორის მეთოდიკები არის. სხვათა შორის, მონტესორის მთლიანი მეთოდიკის პლაგიატური ვერსია, ერთი ერთში, აქვთ რუსებს და ნიკიტინების მეთოდიკა ჰქვია. მთავარი ხაზი არის დაბალი ავეჯი, ანუ ოთახის მოწყობა ბავშვის სიმაღლის მიხედვით. სკოლამდელი ბავშვები ბევრ დროს ატარებენ იატაკზე, ხალიჩაზე, ხატავენ დაწოლილები, იატაკზე აწყობენ კუბებს და ლეგოებს. ბავშვის უნარების და სწორი ჩვევების განსავითარებლად, დაბალი ავეჯი აძლევს მას დამოუკიდებლობის გამოჩენის საშუალებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაბალი ავეჯის პირობებში პატარა თვითონ აიღებს სათამაშოებს თაროებიდან, ეცოდინება მათი ადგილი, დამოუკიდებლად მიუჯდება პატარა მაგიდას, მიწვდება თავის საყვარელ წიგნებს და ა.შ. მონტესორის ყველაზე მოდური ნივთი არის ძალიან დაბალი, განიერი საწოლი ზამბარიანი მატრასით, რომელზეც ბავშვი დამოუკიდებლად აბობღდება და გადმოგორების შემთხვევაში არ იტკენს, რადგან სიმაღლე არ არის ძალიან დიდი. აქვე უნდა ითქვას, რომ ბავშვის მატრასი სასურველია, იყოს ზღვის წყალმცენარეებისგან, ბალახებისგან ან სინტეპონისგან აწყობილი, რომ არ იკავებდეს მტვერს და ალერგიას არ იწვევდეს.

ბავშვის ოთახში, ხალიჩის ნაცვლად, სინტეპონზე შეკერილი ჭრელი საფენი დაფინე, რომელიც ადვილად გაირეცხება, არ დააგროვებს მტვერს და ადვილად შესაცვლელი იქნება.


მონტესორის მეთოდიკა ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარებას ემყარება. მოუწყვე მას ისეთი გარემო, რომელშიც თავად ჩაიცვამს, დალევს, იზრუნებს მცენარეზე, გადაწმენდს ფოთლებს, დაუსხამს წყალს და მისი ცხოვრება იქნება სავსე და საინტერესო. სადაც არა მარტო ითამაშებს, არამედ მოვალეობებიც ექნება. კარგად უნდა დაფიქრდე, როგორ მოაწყო  გარემო ისე, რომ შენი შვილი, რაც შეიძლება, მეტ საქმეს აგვარებდეს დამოუკიდებლად. 

ყველაზე აქტიური ასაკის (12-13 წლამდე) ბავშვის ოთახს უკვე სხვანაირი დატვირთვა აქვს - მას ჰყავს მეგობრები, ინტერესები, სულ სხვა თამაშებს თამაშობს, ცხოვრების წესი და რეჟიმი დატვირთული აქვს, შესაბამისად სჭირედება თავისუფალი ადგილი, საწერი მაგიდა, წიგნების თარო, კომპიუტერის და გაჯეტების ადგილი. ის საკმაოდ დიდ დროს ატარებს თავის ოთახში და კომფორტი სჭირდება. თუ ოთახის ფართი ყველაფერს ვერ იტევს, სართულებიანი ან დასაკეცი ავეჯი საუკეთესო გამოსავალია. 


ურიგო არ იქნება, თუ რაიმე სავარჯიშო ექნება - გიმნასტიკური კიბე, ესპანდერი ან განტელები. სამწუხაროდ, ბავშვები თანდათან უფრო და უფრო პასიურები ხდებიან და ბავშვობიდან თუ არ მიეჩვევიან აქტიურობას, მოზრდილ ასაკში ამ ჩვევებს ძნელად გამოიმუშავებენ. რაც შეეხება ოთახის ფერს და გაფორმებას, მშობლები ხშირად ცდილობენ შეუქმნან „მხიარული გარემო" - ჭრელი ოთახი ბევრი ნახატებით და ფერებით. თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან ცოტახანს არის აქტუალური. ბავშვები ოთახს პოსტერებითა და თავისი საყვარელი ნივთებით რთავენ. მშობლების გემოვნებით შერჩეული, ძალიან ლამაზი, მოხდენილი და ძვირფასი ნივთი, მაგალითად პლედი, შეიძლება არ მოსწონდეთ და აღიზიანებდეთ. თავიანთი მონაწილეობის გარეშე მოწყობილი ოთახი და განლაგება არ აკმაყოფილებდეთ, რაც შეიძლება, ბუნტისა და რევოლუცის მიზეზი გახდეს. ამიტომ, კარგი იქნება, ბავშვმა თვითონ აირჩიოს თავისი ოთახის ფერი და ნივთები, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს. მიაღებინე მონაწილეობა ოთახის დაგეგმარებასა და მოწყობაში. ერთად გადაალაგეთ ავეჯი, რომ თვითონაც იგრძნოს თავი ამ პროცესის მონაწილედ. მოერიდე ძალიან ჭრელ ნახატიან შპალერს, ერთ-ორ წელიწადში ის არააქტუალური გახდება. ყოველთვის უფრო ადვილია (და სახალისოც!) დეკორაციები შეცვალო, ვიდრე მთლიანი ანტურაჟი. სინამდვილეში, მთავარია ბავშვის ოთახში მზე, სუფთა ჰაერი და ღამის განათება. მზის სხივები გაცილებით უკეთესად შეუქმნის მას განვითარების, განწყობის, ინტერესის, ხალისის  და ზრდის პირობებს, ვიდრე მთელი სამყაროს გაჯეტები.

ბავშვის ოთახის ავეჯი. პირველ რიგში, ყველაზე მოსახერხებელია „ფეხებზე" მდგომი ავეჯი - ქვეშ შეძრომის, რაიმის შეგორების თვალსაზრისით. ასეთი ავეჯი სისუფთავესაც უფრო შეგანარჩუნებინებს, რადგან დახურული კარადების და სხვა ავეჯის ქვეშ უამრავი მტვერი გროვდება, რომელსაც ბავშვი სუნთქავს. გარდა ამისა, ვიზუალურად, ფეხებიანი ავეჯი ფართს უფრო დიდს აჩენს.

ბავშვის ოთახის ფერი. ფერის არჩევისას გაითვალისწინე მისი ზეგავლენა ბავშვის ფსიქიკაზე. მაგალითად, წითელი და სტაფილოსფერი კი აღაგზნებს ტვინს და სწავლას ასტიმულირებს, მაგრამ ამავდროულად, ის არ მისცემს ბავშვს დასვენების საშუალებას და მისი ნერვული სისტემა მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში იქნება. ინტერიერის ფერების სწორი არჩევით არა მხოლოდ მართავ მის იმპულსებს, არამედ დაეხმარები პრობლემების დაძლევაში. განვიხილოთ ზოგიერთი ფერები.

წითელი სიცოცხლით სავსე ფერია და ენერგიასთან და მხნეობასთან ასოცირდება. მისი გამოყენება ინტერიერში პატარა ასაკის ბავშვის აქტიურობას ასტიმულირებს, ხოლო მოზრდილ ბავშვებში იმოქმედებს მეცადინეობასა და ენერგიულობაზე. წითელმა, განსაკუთრებით დადებითად შეიძლება იმოქმედოს პასიურ და მოწყენილ ბავშვებზე. მაგრამ ამ ფერის გამოყენება ზომიერებას და დოზირებას ითხოვს, რადგან, წითლის გადაჭარბებული დოზით გამოყენება, შესაძლოა აგრესიისა ჰიპერაქტიურობის მიზეზი გახდეს და ხელი შეუშალოს მოსვენებასა და ძილს. ამის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ის უხეშად  ან ჯიუტად მოიქცევა. ასე რომ, აჯობებს თუ წითელი ფერის გამოყენებას  მინიმუმამდე დაიყვან. 


ნარინჯისფერი. სპექტში ეს ფერი ახლოსაა წითელთან, მაგრამ უფრო რბილია და ნაკლებად აგრესიული. ის კარგად მოქმედებს პატარებზე, რადგან მათ შემოქმედებით აქტიურობას და ენერგიულობას აღვიძებს და ამასთან ერთად ქმნის კომფორტის და თავდაჯერებულობის შეგრძნებას. ფსიქოლოგების აზრით, ნარინჯისფერ ოთახში ბავშვი თავს მარტოხელად არ იგრძნობს. ეს ფერი განსაკუთრებით ასტიმულირებს ჭამის მადას. თუმცა, მაინც ნუ გადაწყვეტ მთელ მის სამყაროს ნარინჯისფერში, რადგან დიდი რაოდენობით ისიც, წითელის მსგავსად, მუდმივად აღგზნებულს ამყოფებს ფსიქიკა ამით ძალიან გადაიტვირთება.